COVID-19-ის პერიოდშიც გულსისხლძარღვთა დაავადებები საზოგადოებაზე მოქმედ უმძიმესს ტვირთს განაპირობებს ავადობის, ინვალიდობის და სიკვდილობის მაღალი დონით. არსებული გათვლებით მისი გავრცელება ევროპაში – 4%-ს, განვითარებულ ქვეყნებში – 1-2%-ს, ხოლო საქართველოში კი 6%-ს შეადგენს. ის ჰოსპიტალიზაციის ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს და მძიმე პროგნოზით ხასიათდება. პაციენტთა 2-17% – პირველი ჰოსპიტალიზაციისას, ხოლო 50%-ზე მეტი – დიაგნოზის დადგენიდან 5 წლის განმავლობაში კვდება.
2017-2021 წლებში საქართველოში გულის უკმარისობით გამოწვეული ავადობის, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის მაჩვენებლების დაქვეითების ტენდენციას COVID-19-ის მაღალი გავრცელების და კლინიკური გამოსავლების გადაფარვის ეფექტები განსაზღვრავს. თუმცა სხვა კატეგორიის გულსისხლძარღვთა დაავადებების ინციდენტურობის და ჰოსპიტალიზაციის თითქმის უცვლელი და სიკვდილობის უმნიშვნელოდ დაქვეითებული მაჩვენებლების პირობებში ქვეყნის ეპიდემიოლოგიური მოდელის განხილვისთვის გასათვალისწინებელია ტენდენციებზე მოქმედი სხვა ზეგავლენებიც – დაავადების მართვის სისტემური ელემენტები, კლინიკური პროცესების და სამკურნალო მიდგომების ეფექტურობა.
ასაკთან დამოკიდებულებით გულის უკმარისობის ექსპონენციალურად ზრდადი რისკები საშუალოდ შვიდი ან მეტი კომორბიდული მდგომარეობის განვითარებას უკავშირდება პაციენტთა ნახევარზე მეტში, რაც მნიშვნელოვნად ამძიმებს დაავადების პროგნოზს და პირიქით, გულის უკმარისობა ქმნის განწყობას მრავლობითი კომორბიდობის განვითარებისათვის. აღნიშნული მიზეზებით COVID-19-ის შემთხვევებში დამძიმებისა და სიკვდილობის განსაკუთრებით გაზრდილი რისკის გამო გულის უკმარისობა მიკუთვნებულია ფატალური კომორბიდობების ჯგუფს. ნეიროენდოკრინული აქტივაცია, სისხლძარღვოვანი მექანიზმების დისრეგულაცია, დისმეტაბოლიზმი, ანთება და ფიბროზული რეგენერაცია კი განიხილებიან გაზიარებულ პათოგენეზურ ურთიერკავშირებად.